“რაც შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი და კანაფის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით დაისაჯოს” – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ექსპორტთან დაკავშირებით, მთავრობას თავისი არგუმენტები პროექტის სახით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერჯერობით არ წარუდგენია, თუმცა,  პირველ ეტაპზე, საუბარია იმაზე, რომ ძალიან განვითარებული სახელმწიფოები არიან კანაფის მწარმოებელი სახელმწიფოები და ბაზარზე მოთხოვნაც დიდია.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე, სამედიცინო, თუ კოსმეტიკური მიზნებისთვის კანაფზე მოთხოვნილება ძალიან დიდია. მსოფლიო ბაზარზე კანაფის ყველაზე დიდი მიმწოდებელია აშშ, მას კონკურენციას უწევს კანადა. გერმანია, პორტუგალია და ინგლისიც იგივე საქმიანობას ეწევიან და მოსალოდნელია სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, ეს სფერო სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად ლიცენზირებული იქნება.

მისივე თქმით, შს მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა იმ ზომების ნუსხა, რომლებიც უნდა გატარდეს, იმისთვის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი აღმოჩნდეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

“საუბარია იმაზე, რომ შეიზღუდოს მისი გამოყენების არეალი, მხოლოდ პირად სივრცეში გამოიყენოს, ვისაც ამის სამწუხაროდ სურვილი ექნება. აკრძალული იქნება მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის წრეში. საუბარია იმაზეც, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს სანქციები მის რეალიზაციაზე. მაქსიმალურად შეიზღუდოს გაყიდვა ქვეყნის შიგნით. ჩემი პოზიციაა, რაც შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი, მოხმარება შეიზღუდოს და რეალიზაცია ქვეყნის შიგნით დაისაჯოს. არის შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის წესითაც დაისჯებიან, მაგალითად, მძღოლს, რომელიც მარიხუანის თრობის ქვეშ მართავს ავტომობილს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. მარიხუანის მომხმარებლებს აეკრძალებათ რამდენიმე პროფესიაში და საჯარო სამსახურში მოღვაწეობა და ა.შ. უამრავი ბერკეტი შემოდის იმისთვის, რომ რაც შეიძლება შეიზღუდოს მარიხუანის მოხმარება”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

მსგავსი თემები