„მე არ მაქვს არავითარი კლანი, ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი“ – ღარიბაშვილი ელისაშვილს  

„კახური კლანი“ დღეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კითხვა-პასუხის თემა გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ მას „კლანი“ არც ჰქონია და არც აქვს.

„თქვენ აყოლილი ხართ როგორც ჩანს „ნაცების“ რიტორიკას და მათ მოგონილს, თითქოს რაღაც „კლანი“ მაქვს, თუ „კლანი“ მქონდა. ჩამოყალიბდით, ვერ გავიგე, „კლანი“ მქონდა თუ მაქვს? თუ მაქვს, გიპასუხებთ, რმ არ მაქვს და არც მქონია არავითარი „კლანი“. თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონია, რომ საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის. ზოგადად, გეტყვით, თუ ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფოს კი არ მიაყენა ზიანი, შეიძლება მე დავზიანდი ყველაზე მეტად და ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ელისაშვილს ასევე უთხრა, რომ ეს ისეთი  ფილოსოფიური საკითხია,შესაძლებელი იყო ცალკე საუბარი.

„მე წესებით ვცხოვრობ და მაქვს წესები ურთიერთობაშიც. ვინც ამ წესებს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს, ნათესავი თუ ოჯახის წევრი, ამ ადამიანებთან ვწყვეტ ურთიერთობას“ – უპასუხა ღარიბაშვილმა ელისაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის კითხვა „კახურ კლანს“ ეხებოდა.     

მსგავსი თემები