„გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – მაია ცქიტიშვილი  

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრობას, ვიცე-პრემიერობასა და მთავრობას დაემშვიდობა. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დასვენება და სახლში ყოფნა უნდა, თუმცა, „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი რჩება.  

„ბოროტად ვისარგებლე“ იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“, ასევე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მაშინ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს,

გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო, ძალიან დატვირთული ცხრა წლიანი პერიოდი ამით დავასრულო. ირაკლი ქარსელაძე, როგორც ითქვა, არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში, მასთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავაკეთე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ, მე ძალიან მიხარია, რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები, მთელი ის გუნდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევქმენით, გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ერთად წამოვიწყეთ და, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მისასალმებელი და ძალიან საინტერესო, რომ მე უკვე, ამ შემთხვევაში, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და დავბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე, მოგეხსენებათ, რომ მე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი წლების განმავლობაში და იქაც რამდენიმე პრემიერის შემთხვევაში მქონდა საშუალება მემსახურა და მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ, ასევე, მადლობა ვუთხრა გიორგი გახარიას, ასევე ძალიან დატვირთული და საინტერესო პერიოდი იყო. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავიხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან, მე, ასევე, პოლიტიკაში ვიყავი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს და სულისკვეთებას და მე დღეს, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული და ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ყოველთვის ვიქნები იმ ადამიანების გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს მათ საქმეს“, – განაცხადა აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები