“ლიეტუვის ელჩის მოსვლა იმ შენობაში, რომლის შტურმით აღებას გეგმავდა ხელისუფლება, არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის” – ნიკა მელია

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალ არჩევნებს ჩანიშნავს ის ხელისუფლება, რომელიც ჯერ არის მართვის სადავეებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს ხალხის ნებისთვის ზურგის შექცევა, ეს უკვე ცხადზე უცხადესია. ელემენტარული ალღო სჭირდება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ რაიმე სახის გამოცდილება მიღებული, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება. ხელისუფლება ამ ქვეყანაში შეიცვლება მშვიდობიანად და ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. კობახიძეს, სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში რიტორიკის დონეზე, ჩემი დაპატიმრება, რაც თავშივე იყო უბრალოდ საფუძველგამოცლილი“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ლიეტუვის ელჩის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლა „არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს სიმართლეს“.

„პატივცემული ელჩი, როდესაც მოვიდა იქ, იმ შენობაში, რომლის შტურმით აღებას გეგმავდა ხელისუფლება, ეს არის მართლაც ნათელი და მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს ქართულ საზოგადოებას და სიმართლეს. ეს იყო დღევანდელი ვიზიტის მთავარი დატვირთვა და მიზანი. მოკლედ, ახალი არჩევნები ხალხნო იქნება ამ ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით გაიმართება მოლაპარაკებები“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები