“თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? აიცილეთ ეს საქმე” – ნიკა მელიას ადვოკატი

პატივცემულო მოსამართლე, ეს მაშველი რგოლია პერსონალურად, აიცილეთ ეს საქმე, – ამ სიტყვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს. მოსამართლემ ადვოკატს სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა.

“დღეს რომ იქ სისხლი დაიღვაროს სპეცრაზმის მიერ, ამ ფაქტებზე ხომ თქვენი შვილები დაგელაპარაკებიან? თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია, გადაწყვეტილებას რომ ვერ შეცვლით, ეს ვიცით და აიცილეთ ეს საქმე”, – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით კი, ნიკა მელიას დაკავების აღსრულება ბრუტალური ფორმით დაწყებული აქვთ.

“მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული, იმდენ პატივსაც არ სცემენ სასამართლოს რომ სახე შეუნარჩუნონ. ნამდვილად არ ვუსურვებდი ჩემ თავს და ჩემ მეგობრებს, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როგორშიც თქვენ ხართ. ბატონო მოსამართლე, იმდენი პატივიც არ გცეს, რომ გადაწყვეტილებას ფორმალურად მაინც დალოდებოდნენ”,- განაცხადა კონდახაშვილმა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც ისინი მოსამართლის აცილებას ითხოვენ, პროკურატურა არ დაეთანხმა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, ადვოკატების შუამდგომლობა დაუსაბუთებელი და ჰიპოთეტურია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. პროკურორ ია დარჯანიას განცხადებით, უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლაა მოსამართლეზე.

მსგავსი თემები