სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება იკრძალება – წინასაარჩევნო განმარტებები  

  •  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა და უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მათივე თქმით, კანონი ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლების ვალდებულებებს და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების უფლებებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური პარტიის გავლენისგან მაუწყებლის დაცვისა და ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ამავე კანონის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ასევე, საარჩევნო სუბიექტი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

რაც შეეხება საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. გამომდინარე იქედან, რომ კანონი ცალსახად ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას, მის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა გადაამოწმოს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება მაუწყებლებს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, რომ მაუწყებლები არ იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, კანონის განსხვავებულად ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო.

იმავე კანონის 51-ე მუხლის მე-11 ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ  და  მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.

“კომისია აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში 2016 წლიდან აყენებს და მას შემდეგ ყოველი არჩევნების წინ უგზავნის წერილს მაუწყებლებს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული წერილი მაუწყებლებს  2018 წლის 8 აგვისტოს დაეგზავნათ. გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები 8 სექტემბერს გამოითქვა, მაშინ, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა და კონსულტაციებსა და შეხვედრებს მართავდა, როგორც მაუწყებლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან”, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

მსგავსი თემები