“ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა” – პროკურორი ნიკა მელიას საქმეზე

ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ არის ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება.

“2020 წლის პირველ ნოემბერს, ნიკა მელიას საჯარო გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. გირაოს გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობა ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრს აღკვეთის ღონისძიებად, – არის პატიმრობა,”- განაცხადა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა. 

2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

მსგავსი თემები