„ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას“ – ირაკლი ქადაგიშვილი მელიაზე

  •  

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გააცნო.

„ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა – კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს. ამის შემდეგ, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ საკუთარი პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს  აღკვეთის ღონისძიების პირობებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას  არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას „გავრილოვის პატიმრად“ გასაღების მცდელობაა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც ობიექტურად  დაიწყო გავრილოვის მძიმე პროვოკაციით და გაგრძელდა ნიკანორ მელიას მცდელობით საქართველოს პარლამენტი შტურმით აეღოთ, ვერ გამოდგება არგუმენტად, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბრალდებულების არა დამნაშავეობა თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტასთან, რომელიც სასამართლოს პრეროგატივაა, არამედ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევასთან.

და რაც ყველაზე მთავარია, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება, გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა  გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არ დამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ვალდებულია  კანონის  უზენაესობა და მისი ზედმიწევნით შესრულება ყველასთვის უზრუნველყოს, რადგან  პოლიტიკაში ყოფნა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია.

მსგავსი თემები