“საქართველო დიდი ბრიტანეთის უახლოესი პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე ქვეყანაა” – ვენდი მორტონი

  •  

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვხვდები ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები. ჩვენ გამოვხატავთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მთლიანი რეგიონის სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ვენდი მორტონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვენდი მორტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის პირველ იანვარს შევიდა.

„აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი მტკიცე კავშირების მნიშვნელობას“, – აღნიშნა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა.

ვენდი მორტონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს და გაფართოვდეს. მისი თქმით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს უამრავი სფერო, სადაც შესაძლებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. ვენდი მორტონის განცხადებით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

„მე დღეს ვესაუბრე მინისტრ ზალკალიანს იმის შესახებაც, თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს მიმდინარე პანდემიასთან გამკლავების მიზნით, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მტკიცე და მდგრად „მწვანე“ საფუძველს დაემყაროს“, – აღნიშნა ვენდი მორტონმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

მსგავსი თემები