ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის

მოუხსნის თუ არა პარლამენტი უკვე მეორედ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს – საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გაიტანს.

მმართველი გუნდი მზად არის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭიროს. იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებას სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმება მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სჭირდება.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მხრიდან გირაოზე უარის თქმა. 

“საკითხი დაეწერება ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს. ამ კომიტეტების სამართლებრივი დასკვნის შემდგომ, უკვე უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული პრინციპები და სახელმწიფო ინსტიტუტები. გამომდინარე აქედან, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მის მიერ კანონის შესრულება, ანუ გირაოს გადახდა, ბუნებრივია, რომ მას მოეხსენება იმუნიტეტი და ამის შემდეგომ გაგრძელდება პროცედურა შესაბამისად,“ – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა. 

მსგავსი თემები