3 ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, მერის საქმიანობით შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს

სს დანაშაული, რომლისთვისაც ასობით საქართველოს მოქალაქე პასუხისმგებლობაში მიეცა, შესაძლოა, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმაც გაიზიაროს.  საუბარია სახელმწიფო მიწის ფართობიდან იმ 3 ნაკვეთის პირად საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, საიდანაც 2 სხვაგან მდებარეობს და შესაბამისად მიწის რეფორმის დროს მასზე არ განაწილებულა.

სახელმწიფო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისას მათი ადგილმდებარეობის იდენტურობის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „მთავარის“ ხელთ არსებული დოკუმენტებით საეჭვოდ იკვეთება.

ამბავი კი შემდეგია: მიწის რეფორმის ჩატარების შედეგად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მომსახურეებს სახელმწიფომ გადასცა ჯამში 0,75 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების პირად საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება. გადაცემული უფლება მოიცავდა არსებულ საკარმიდამო მიწის ფართს, დანარჩენის შევსება კი, ოჯახთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას,  სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გამოყოფით მოხდა.

„მთავარის“ ხელთ არსებული დოკუმენტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (21-02-1/38044) 2018 წლის 21 მარტს დაადასტურა, რომ თამაზ მეჭიაურს 2002 წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჟებოტაში მართლაც გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.75ჰა მიწის ფართობი, თუმცა, დოკუმენტში მისი კონკრეტული მდებარეობა მინიშნებული არ არის.

მერად არჩევიდან მეხუთე თვეს, თამაზ მეჭიაურის ინიციატივით,  გამოყოფილი ადგილის ნაცვლად, მისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, 2011 კვ. ფართის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი (საკადასტრო კოდი 73065245) მომზადდა.  საკადასტრო აღწერაზე იურიდიულ პირს ოთარ შიომღვდლიშვილი ხოლო, დაინტერესებულ პირს კი თამაზ მეჭიაური წარმოადგენს.  აღნიშნული ნახაზის საფუძველზე, დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირება.

აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შემდეგ, 2018 წლის 9 ივნისს,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2002 წელს მეჭიაურისთვის გამოყოფილი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი ნაკვეთი ერთმანეთის იდენტური არ არის.

აი, რას ვკითხულობთ N28728 დოკუმენტში: „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია 892018559591 სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თიანეთი, სოფელი ჟებოტა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ  დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამაზ მეჭიაურისთვის გამოყოფილი მიწის ფართობი სხვაგან მდებარეობდა, აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ფართი კი მისი სახლის მიმდებარედ. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დაინტერესებულმა პირმა ნაკვეთი სწორედ მისი სახლის მიმდებარედ ააზომინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის პასუხად, ჟებოტის ადმინისტაციულ ერთეულში თიანეთის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა შეადგინა საეჭვო მონაცემების შემცველი ადგილის დათვალიერების ოქმი N 00079, რომელსაც მოწმის სახით მხოლოდ ერთი ადამიანი, დარიკო ყირიმელაშვილი დაესწრო. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე,  მერიამ გამოსცა ბრძანება N875, რომლითაც,  სახელმწიფოსგან  2002 წელს გამოყოფილი უძრავი ნივთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი პირველი ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებას შეეცადა.

ანალოგიური სქემით იმოქმედეს მეორე უძრავ ქონებასთან დაკავშირებითაც. სახელმწიფოდან უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირა მეორე უფრო დიდი მიწის ნაკვეთი 2709 კვადრატული მეტრის ფართობით.  პირველის მსგავსად, ისიც, მისი სახლის მიმდებარედ, პირველი ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც, ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირს – მოწმეს, დარიკო ყირიმელაშვილი წარმოადგენს.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ სოფლის ბოლოში, იქ, სადაც სახელმწიფომ მეჭიაურს მიწის ფართობი ნამდვილად გამოუყო, მან მხოლოდ 500 კვ. მ-ი  ფართის მე-3 ნაკვეთი დაირეგისტრირა. დანარჩენი 4800 კვ.მ-ი  კი საკუთარი სახლის მიმდებარედ, სხვა ადგილას დაირეგისტრირა. წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში გამოყენებულია ერთიდაიგივე პირთა თანხმობა, ანუ „დადასტურება“.

მსგავსი  დარღვევისთვის, ანუ, მიწის იდენტურობის დარღვევისთვის ბოლო პერიოდში სს პასუხისგებაში ათობით ადამიანი მიეცა.  თუ აღნიშნული დოკუმენტებით არსებული ინფორმაცია სს დანაშაულის შემცველი აღმოჩნდა, გამორიცხული არ არის, თიანეთის მერს არსებულ საეჭვო კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიოს.

 

მსგავსი თემები