თბილისში, შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც თანამშრომელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე თანამშრომელი კი დაჭრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს,
სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს.