“ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში გაშვებამდე გადაამოწმეთ მათი აცრების ისტორია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს, სანამ შვილებს სკოლებსა და ბაგა-ბაღში გაუშვებენ, გადაამოწმონ მისი ვაქცინაციის ისტორია და გამოტოვებული ასაკობრივი აცრები გაუკეთონ ბავშვებს.

​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ბავშვები ბრუნდებიან ზაფხულის არდადეგებიდან და ეპიდემიოლოგიაში ახალი კოლექტივები იქმნება ამიტომ, პირველ რიგში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს, პირველ რიგში წითელა და წითურა, რომელიც ჰაერიდან ვრცელდება.

მისივე თქმით, შემოდგომის სეზონზე გავრცელებადი ყველა დაავადებისთვის,  ბავშვებისთვის არსებობს ვაქცინა. თუმცა, დედამიწაზე არსებობს სხვა დაავადებებიც, მაგალითად პოლიომელიტი, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია არ არის და შესაბამისად ეს აცრა არ უტარდებათ ბავშვებს.

სასწავლო დაწესებულებების დეზინფექციას რაც შეეხება, პაატა იმნაძის თქმით, საჭიროა შენობები იყოს სუფთა მდგომარეობაში, თუმცა, დეზინფექციის საჭიროება ყოველთვის არ არსებობს.

“სასწავლო დაწესებულებები უნდა იყოს სუფთა, დეზინფექცია საჭიროა მაშინ, როდესაც შენობა მოქმედია და იქ მიკრობების მატარებელი ადამიანები იმყოფებიან. თუ არავინ არის შენობაში, ვის უნდა გაევრცელებინა მიკრობები? მთავარია შენობებში იყოს სისუფთავე. ​წითელას დეზინფექცია არ შველის, ის ჰაერით გადადის. დეზინფექცია გამოიყენება მაშინ, როდესაც რაიმე მიკრობი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაჩერდეს გარემოში”, – განმარტავს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, აცრის გარდა, საჭიროა ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა. ბავშვს ჩვევად უნდა ჰქონდეს ხელების დაბანა და პირობები უნდა ჰქონდეს, რომ დაიბანოს.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, რესპირატორული დაავადებების სეზონი ჯერ შორს არის, თუმცა ეს ამინდზეა დამოკიდებული, როდის აგრილდება. გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და მსურველებმა აცრა ამ პერიოდში უნდა გაიკეთონ და არა დეკემბერ – იანვარში, როცა უკვე დაგვიანებულია.

მსგავსი თემები