საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულებულია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას.
„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სასულიერო პირებმა იმსჯელეს, მეუფე პეტრეს საკითხია. ასევე, ჭყონდიდის ეპარქიას გრიგოლ კაცია არ უხელმძღვანელებს.
სასულიერო პირებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. შეხვედრას 35 სასულიერო პირი ესწრებოდა და ის 2 საათი გაგრძელდა.