მცხეთის მერია დიმიტრი ხუნდაძეს მხარდაჭერას უცხადებს და გენგეგმის დოკუმენტს შემოგარენის განვითარების ბიზნეს-გეგმას უწოდებს

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ სამართლიან განცხადებას, რომ რეალურად ამხანაგობა “აქოლისის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს არა ქალაქის, არამედ მისი შემოგარენის განვითარების ბიზნეს-გეგმას” – აცხადებს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და იმ დოკუმენტს, მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმას აკრიტიკებს, რომელიც „აქოლისმა“ წარმოადგინა.  

“მე-6 წელია, რაც მცხეთის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეუმუშავებლობიდან გამომდინარე, გრძელდება მკაცრი საგანგებო ზომა – მორატორიუმი ქალაქ მცხეთაში, რაც პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაზე. შესაბამისად, მე როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არჩეული თანამდებობის პირი და ამავე დროს მკვიდრი მცხეთელი, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რათა დროულად განხორციელდეს გენერალური გეგმის ფორმირება. თუმცა, ამავე დროს, გამაჩნია ვალდებულება, რომ შედგეს საერთაშორისო სტანდარტების დონის დოკუმენტი, სადაც კულტურული მემკვიდრეობის უპირობო დაცვასთან ერთად გაწერილი იქნება ქალაქის განვითარების რეალისტური ხედვები, რადგან დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით მცხეთამ და მცხეთელებმა ათეული წელი უნდა ვიხელმძღვანელოთ.

შესაბამისად, ვეხმაურები და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ სამართლიან განცხადებას, რომ რეალურად ამხანაგობა “აქოლისის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს არა ქალაქის, არამედ მისი შემოგარენის განვითარების ბიზნეს-გეგმას. მაშინ როდესაც, აღნიშნული დოკუმენტი უნდა გამოხატავდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის, საქართველოს საპატრიარქოსა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის საერთო ინტერესებს“ – ვკითხულობთ მერის განცხადებაში.

გიორგი კაპანაძის შეფასებით, დოკუმენტი, რომელსაც კომპანია წარმოადგენს, უნდა პასუხობდეს მთავარ ინტერესს – რა სჭირდება ქალაქს.  

„მუნიციპალური განვითარების ფონდთან არსებული სარეკომენდაციო ორგანოს -,,ექსპერტთა საბჭოს“ მოქმედების ფორმატში, მე, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, არაერთგზის გამოვთქვი ჩემი მკვეთრი დამოკიდებულება როგორც დოკუმენტის შემუშავების პროცესთან, ისე მისი შინაარსობრივ მხარესთან მიმართებაში. პირველ რიგში დოკუმენტი უნდა პასუხობდეს კითხვას რა სჭირდება ქალაქს, მემკვიდრეობის ძეგლებსა და მოსახლეობას!

ამიტომ ღიად ვაცხადებ, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი განხორციელებული იქნება პროცესების გამჭვირავლეობის უზრუნველყოფით, საქართველო-იუნესკოს ჩარჩო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტის ფორმირებისათვის და შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის მარგალიტის – ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ დაცვისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“ – აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის განაშენიანებს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ არაერთხელ გააკეთა და ბოლოს წარმოდგენილ დოკუმენტს  გენ.გეგმის ნაცვლად კერძო ინტერესებზე მორგებული “ბიზნეს გეგმა” უწოდა. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობა შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 

მსგავსი თემები