სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის დამონტაჟება სავალდებულო გახდება  

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომლის თანახმად საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მონაწილე ყველა სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟება  სავალდებულო გახდება.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზებზე მოძრაობა იყოს უსაფრთხო, გამართული და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

მისივე ინფორმაციით, დგინდება სანქციები „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე და ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობაზე.

ასევე, საკანონმდებლო პაკეტით, იკრძალება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს და ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას.

სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუ ის არ აღემატება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრებს.

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს.

 

მსგავსი თემები