„ბავშვი ბიჭის ოჯახს მოეწონა, რომ გაიზრდებიან, იქორწინებენ“ – 11 წლის ბავშვის ნიშნობაზე სს საქმე აღიძრა

ფონიჭალაში, 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ სს სამართლის საქმე აღძრა და მოკვლევა დაიწყო. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩაერთო, უფრო მეტიც, ნინო ლომჯარიას აზერბაიჯანის სახალხო დამცველმაც მიმართა და სწრაფი რეაგირება სთხოვა.  

საუბარია ფაქტზე, რომელიც 8 თებერვალს მოხდა. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ბავშვის და ბიჭის ნიშნობის ცერემონიალი.

მცირეწლოვანი ბავშვის ნიშნობის ფაქტზე უკვე აღიძრა საქმე. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ამავდროულად, აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა და დახმარება სთხოვა.

მიმართვაში საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ამ ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

შსს-ს ინფორმაციით,  სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

რაც შეეხება გოგონას ოჯახის განმარტებებს, ბიჭის ოჯახმა ბავშვს მხოლოდ ბეჭედი მოუტანა და დანიშნა.

„გოგონას ხელი სთხოვეს, ეს დანაშაულია? ეს არ იყო გათხოვება. წესია ჩვენი ასეთი, ხელის თხოვნა შეიძლება, თუმცა, 18 წლამდე არ ქორწინდებიან. მოვიდა ბიჭის ოჯახი ტორტით და ბეჭდით, სულ ეს იყო, სხვა არაფერი და შეთანხმდნენ, რომ 18 წლის ასაკში შექმნიან ოჯახს. ბავშვი ბიჭის ოჯახს მოეწონა და შევთანხმდით, როცა გაიზრდებიან, დაქორწინდებიან“ – აცხადებენ ბავშვის ოჯახში.      

მსგავსი თემები