„ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ“ – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანის პროცესში შესაძლოა კერძო სექტორი ჩაერთოს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ვაქცინის მწარმოებლები ბიზნესს ხელშეკრულებას არ უფორმებენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, სახელმწიფო სექტორი ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვას დადებითად უყურებს და პროცესში პრობლემას ვერ ხედავს.

„ზოგადად, ქვეყანაში თითქმის ჩატარებული ვაქცინაციის 97-98%, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ვაქცინა, რაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა 40 000-50 000 მდე. რაც შეეხება კოვიდს, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ, კი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.  

მსგავსი თემები