„არასათანადო კომუნიკაციის გამო, პურის მსხვილი მწარმოებლები ელექტროენერგიის სუბსიდირების გარეშე დარჩნენ“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ გააკეთა და მეწარმეების სახელით სუბსიდირების პროგრამის გახსნა და ხელახლა რეგისტრაცია ითხოვა.
„11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა. არადა, სახელმწიფო სუბსიდიით, პურის მწარმოებლებს დაახლოებით 0,5 თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, სადაც მეწარმეები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა, არასათანადო ინფორმირებულობის გამო, კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა. მივმართე სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, რადგან პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთოს“, – აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.
როგორც დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, თუ საწარმოები სუბსიდირების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან, გაძვირებული ტარიფები პურის ფასებზეც აისახება.