ჩამონგრეულ შენობაში 3 ბავშვი მოყვა, მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები სამმა მოზარდმა მიიღო.

დაშავებული 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი მოსკოვის გამზირზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში.

დაშავებული მოზარდები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „უბედური შემთხვევის შედეგად, დაზიანება სამმა მოზარდმა მიიღო, პირველადი კვლევით, პირველ მოზარდს მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანება და სავარაუდოდ ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო, რაც შეეხება მესამეს, დანარჩენებთან შედარებით მდგომარეობა მძიმეა.“

ერთ-ერთ ბავშვს დაზიანებული აქვს ხერხემალი. მესამე მოზარდი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით ჩამონგრეული ნაგებობის ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი თემები