გენგეგმის ნაცვლად, კერძო ინტერესებზე მორგებული ბიზნეს გეგმა – დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განაშენიანების გენგეგმაზე

“აქოლისმა” გენ.გეგმის ნაცვლად კერძო ინტერესებზე მორგებული “ბიზნეს გეგმა” წარუდგინა მცხეთის მერიას და საკრებულოს“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და ფიქრობს, რომ კომპანიის საქმიანობით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.  

“აქოლისის” მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი კონცეფცია, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას 6 წლიანი მორატორიუმი “დაუჯდა” და თანაც, ის, ამაში სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.  ამ საკითხთან დაკავშირებით არც წარსულში მოვრიდებივარ მწვავე განცხადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს “მსურ ველებს” უღირთ, ამოეფარონ სიწმინდეებს და უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებები ტურისტული ნაკადების საეჭვო განაწილების ინსტრუმენტად აქციონ. ასეთი ეჭვები იუნესკოს ექსპერტებმაც გამოთქვეს და მათი მხრიდან საკმაოდ ბევრი შენიშვნაა დასკვნაში დაფიქსირებული. დიდი ხანია, სამართლიანად წუხს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც 6 წელია მორატორიუმის ტყვეობაშია დღესაც და სრულიად იგნორირებულია პროცესიდან. დოკუმენტის წამკითხავი იოლად აღმოაჩენს კონცეფციაში მუნიციპალიტეტის დაშლისა და დაქუცმაცების გეგმას, ორმაგ სტანდარტებს, მოგონილ სტატუსებს, გაყალბებულ წარსულს, ხელოვნურად შექმნილ ქალაქის ტურისტულ კარიბჭეებს, კონკრეტული ლოკაციების საეჭვო ბედს და ა. შ. ეს კონცეფცია ერთი დიდი გაუგებრობაა და მისი მიღება სახიფათოდ მიმაჩნია“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.  

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ის მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი არ არის, არ აპირებს უძველესი დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესები ქარს გაატანოს და საკუთარი პოზიცია ღიად არ დააფიქსიროს.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა ამხანაგობა „აქოლისს,“ წლების წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და ვადები გახანგრძლივდა.  ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, უამრავი თანხა დაიხარჯა, თუმცა შედეგი დღემდე არ ჩანს.  

მსგავსი თემები