განათლების მინისტრმა მოადგილეები, მიმინოშვილი და სანიკიძე გაათავისუფლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისი 2 მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა და დააანონსა რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

მინისტრმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ხარისხი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი“ – აღნიშნა მინისტრმა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობაც გადაუხადა.

ერთ-ერთი სიახლე,  რაც მიხეილ  ბატიაშვილმა ასევე  დააანონსა, მინისტრის მოადგილეების რაოდენობის შემცირებაა: „მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

 

მსგავსი თემები