პარლამენტთან ბიზნეს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ორი საათია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობის მისამართით პარლამენტის წინ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-სგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა.

მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.

აქციაზე იმყოფებიან ფიტნეს ინსტრუქტორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ქორეოგრაფიული ასოციაციის წარმომადგენლები. ისინი მუშაობის დაწყებას ითხოვენ, თუმცა რეგულაციების დაცვით. როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, შემოსავლის წყარო დაკარგეს და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.  

“წელიწადი სრულდება და უმუშევრად ვართ დარჩენილი. ადამიანებს გვშია და მოგვაქციონ ყურადღება. ჩვენც გვყავს შვილები, როგორც მათ ჰყავთ შვილები, ისე ჩვენ გვყავს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე იმყოფება მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი, ნოდარ რუხაძე, რომელიც კომენდანტის საათს პოლიტიკურს უწოდებს. 

“ის კომენდანტის საათი, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში, არის არაკონსტიტუციური, ის რეგულაციები, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააწესა, არის პოლიტიკური. ცხადია, არსებობს იმის საფრთხე რომ მოქალაქეები დაჯარიმდნენ, თუმცა ეს ყველაფერი გადის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უყვარს საკუთარი ძალის დემონსტრირება. საერთოდ არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე მოქალაქე დაჯარიმდეს და სწორედ ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომ წამოიღონ პირბადეები, ნიღბები, რომ ისინი არ იყვნენ იდენტიფიცირებადი სამართალდამცავების მიერ” – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

აქციას სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები. რესტორატორები ამბობენ, რომ მომხმარებლის მიღება შიდა სივრცეშიც უნდა შეეძლოთ. ისინი მთავრობასთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითხოვენ.

მსგავსი თემები