„არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა“ – ოკუპანტების პატიმრის დედა

  •  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური  დახმარებას ითხოვს. მის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პირობა მისცეს, რომ მისი შვილის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე დღეს დაკავებულის ოჯახში იმყოფებოდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

“12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდესო ოჯახს, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი “მალე” იქნება არ ვიცი“ – განუცხადა დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს.  

ოჯახს იმედი, აქვს რომ ხელისუფლება მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს აამოქმედებს, რომ უკანონო პატიმრობა დასრულდეს.

„მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არ დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი”, – განაცხადა ნანა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი თემები