„ვაკის პარკში სასტუმრო არ იქნება“ – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკის ტერიტორიაზე  სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია არა მხოლოდ მერიისთვის, არამედ მთელი  საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით კონსენსუსის მიღწევაა. 

„ულტიმატუმის ენით საუბარი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ისეთი მნიშვნელოვანი  საკითხის გარშემო, როგორიცაა სასტუმროს აშენება ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არ შეიძლება. მე გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნებართვა არ გავცეთ და ინვესტორმა ისე დაიწყოს მშენებლობა. ეს გამორიცხული და მიუღებელია. ეს ვერანაირად ვერ მოხდება. მარტო ჩემთვის არა, მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის არის მიუღებელი. ჩვენ მოსახლეობის ინტერესების  სადარაჯოზე ვდგავართ და ამას  არ დავუშვებთ. სხვა საქმეა, გამოსავალი რა არის. ძალადობრივ რეჟიმში, არ კომპანიასთან,   არც ბიზნესთან და საერთოდ არც არავისთან არ უნდა ვისაუბროთ. არ ყოფილა ეს ჩვენი გეგმა არც აქამდე და არც ახლა იქნება. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას  მოლაპარაკების მაგიდისკენ და გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის დღის წესრიგში დაყენება 2013 წელს თბილისის მთავრობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მძიმე შედეგია.  

„საკმაოდ მძიმე ტვირთი გვაწევს იმის შედეგად, რომ 2013 წელს საკმაოდ მძიმე და ძვირადღირებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმდროინდელი მერის მიერ და რეალურად ეს ის  ტვირთია, რომელიც ახლა ჩვენ გვადევს. გამოსავალს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან  და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია, დაახლოებით, 20-მილიონიანი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე. 2013 წელს მიღებული იმ ერთი  არასწორი გადაწყვეტილებით ვაკის პარკში მივიღოთ 30-მეტრიანი სასტუმროს შენობა, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.  მათი მხრიდან დღის წესრიგში დგას ან სასტუმროს მშენებლობა ან ფულადი კომპენსაცია 20 მილიონი ლარი. ვიდრე დღევანდელ მოქმედებებს შევაფასებთ, უცილებლად უნდა გაანალიზოს საზოგადოებამ, იმ გადაწყვეტილების ფასი, რომელიც  2013 წელს არის მიღებული. სპეციალური საგამონაკლისო ნებართვა არის გაცემული. რომ არა ეს საგამონაკლისო ნებართვა, დღეს საერთოდ რელევანტური არ იქნებოდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა. მისი ფუნქციური ზონიდან გამომდინარე, იქ იქნებოდა დაშვებული მხოლოდ სკვერის,  შადრევნის ან სათამაშო მოედნის მოწყობა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძემ  მშენებლობასთან დაკავშირებით პროცედურულ-სამართლებრივი დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასაწყებად საჭირო ნებართვა თბილისის მერიისგან ინვესტორებს არ აქვთ და არც მომავალში ექნებათ.

„მათ მშენებლობის ნებართვა არ აქვთ.  მათ აქვთ განაშენიანების პირობები, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობა. სასამართლო დავა დასრულდა იმის თაობაზე, რომ განაშენიანების პირობები არის სწორად და კანონიერად შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან, მაგრამ ამის შემდეგ უკვე მათ უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა. ამ მშენებლობის ნებართვას ჩვენ არ გავცემთ და ამის საპირწონედ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქალაქში ასეთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეში, კერძოდ ვაკის პარკში, არ მივიღოთ სასტუმრო“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

მსგავსი თემები