„თუ ხელისუფლება სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს“ – სარესტორნო ბიზნესი სრულ ამოქმედებას ითხოვს

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ამჯერად, დაუმორჩილობლობის აქცია გადადეს, ისინი ხელისუფლების მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან  და რესტორნების სრულად გაიხსნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის რეაქციას აანონსებენ. აღნიშნულ თემაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.     

„მთავრობის გადაწყვეტილება იმ უფსკრულის ამოსავსებად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის “ლოქდაუნის” შედეგად შეიქმნა. ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის ამ ამინდში დიდი სარგებლის მომტანი არაა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია, მაგრამ მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტს, სკოლების გახსნას შეეხება, ამას ერთობლიობაში განვიხილავ, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდ ვითარების მხრივ ასეთ ციფრებში ვიქნებით და ადგილი არ ექნება სიტუაციის გართულებას, ვაანონსებთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც რესტორატორები აცხადებენ, ღია სივრცეების გახსნას არანაირი შედეგი არ ექნება, რადგანაც, ზამთრის პერიოდში ღია კაფესა თუ რესტორანში არავინ დაჯდება.  

„თუ ხელისუფლება, შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს. თუ ხელისუფლება, როგორც აქამდე ყრუ იყო, სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს. საზოგადოება და ბიზნესი ამ შემთხვევაში ერთად იქნება. განვაცხადეთ, რომ შაბათს გავიხსნებოდით და ამას ხელისუფლებისგან ერთ დღეში მოჰყვა რეაქცია, ამას მე პირადად მისასალმებელი ტონით ვუყურებ, გადაიდგა პირველი ნაბიჯი და ულტიმატუმის ენით საუბარი ჩემი წესი არაა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები