„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი“ – ნიკანორ მელია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია სასამართლოს მხრიდან მისთვის შეფარდებული 40 000 ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მას ვერც ვერავინ დაიჭერს.

“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე – ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში“ – განაცხადა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ის ამ ბრძოლაში მართალია და სწორედ ამიტომ არ აპირებს დათმობას და უკან დახევას.

„უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა, მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არის ჩემი ენერგიის წყარო, ვიცი რა, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი, რაც მთავარია მორალურად მართალი, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მე ახლა მინდოდა მეთქვა თქვენთვის,“- განაცხადა მან.

პროკურატურამ ნიკანორ მელიას გირაოდ გადასახდელად ერთ კვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.

მსგავსი თემები