პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ძალაში რჩება პირობა – თუ ერთპროცენტიან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც – უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ „დოკუმენტები უკვე გასწორებულია“ და ა.აშ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს.

„ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია აქვთ თავიანთი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ჩვენ ბუნებრივია, ველით კითხვაზე პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები