აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ჰუმანიტარული დახმარება 1150 დევნილ ოჯახს გაუწია

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატმა და აპარატის თანამშრომლებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარების აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა მოწყვლადი ოჯახებისათვის,“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი ფონდის „სოციალური სოლიდარობის“ მეშვეობით, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ხელფასებიდან ყოველთვიურად ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.

„ჰუმანიტარული დახმარება 2021 წლის თებერვლის პირველივე დღეებში  რამდენიმე კომპაქტური  განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა უკვე მიიღეს.

2020 წლის მარტიდან დღემდე აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ჰუმანიტარული დახმარება სულ აღმოუჩინა 1150 ოჯახს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დახმარება ძირითადად გაეწიათ პანდემიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. სამწუხაროდ, დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება.

უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია აპარატის თანამშრომლებთან  გლდანი-ნაძალადევის რაიონის ღოღობერიძის ქუჩის N-3-ში და ამავე რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-5 კორპუსში განსახლებულ დევნილებს ეწვია. ოცდაათ ოჯახს გადაეცა სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის მურმან კვარაცხელიას და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ორგანიზებით ჰუმანიტარული დახმარება გაეწია გარდაბნის რაიონის ე.წ. სამხედრო დასახლება „პობედას“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ რამდენიმე დევნილს, რომელთა შორის იყვნენ  ომის  მარტოხელა ვეტერანი, ომში დაღუპულის მეუღლე, სოციალურად დაუცველი ოჯახი და 103 წლის ქალბატონი – ირინა ნარსავიძე.

საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა თბილისში ჰუმანიტარული ნობათით რამდენიმე მარტოხელა დევნილი პენსიონერი მოინახულა.

უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ მჟავია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ექვს ოჯახს სტუმრობდა თბილისში, რომელთაგან ორი ომის ვეტერანი, დანარჩენი ოთხი კი –  სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია.

როგორც  უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნავენ, ეს მინიმალური ყურადღება  შეჭირვებულ ყოფაში მცხოვრები დამსახურებული  ადამიანებისათვის  არაგადამწყვეტი, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ჰუმანიტარული დახმარების სახით მათ მიმართ გამოხატულ ზრუნვას დაფასებადაც აღიქვამენ და გულახდილ მადლიერებას არ იშურებენ უმაღლესი საბჭოს მიმართ,“ – წერია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები