8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება, ხოლო შაბათ-კვირას არ იმუშავებს

ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 8 თებერვლიდან თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება.

მისი განმარტებით, გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

„საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ფუქნციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 9 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანპოსრტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გვაქვს გაცემული. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დავაკვირდებით როგორი იქნება დატვირთვა და იქედან გამომდინარე ალბათ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებენ გადაწყვეტილებას. 21:00 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და 21:00 საათის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა დამატებითი განმარტება გააკეთა ავტობუსების ზოლში ამ დროისთვის საგამონაკლისო წესით არსებულ დაშვებაზე და თქვა, რომ 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იქნება.

„ასევე, თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო გაჩერებული, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. კვირას, 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, როგორც აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი თემები