„შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ განხორციელდება აცრები“ – ამირან გამყრელიძე

  •  

„საქართველომ მიიღო დასტური COVAX პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს პირველ პარტიას Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, ეს გახლავთ 29 250 დოზა“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინა ორჯერ კეთდება და აქედან გამომდინარე, ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს. მისივე შეფასებით, ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან მთლიანად საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები