“მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა” – გიორგი გახარია

EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დიდ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და EBRD-ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია EBRD-ის დახმარება კერძო სექტორისთვის.

„მოგეხსენებათ, კერძო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს ასეთი დახმარებისთვის. უმნიშვნელოვანესია ის სფეროები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სტრუქტურული რეფორმები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს და გამოვთქვა იმედი, რომ, ახალი საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რომელზეც EBRD-მა მუშაობა უკვე დაიწყო, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მიმდინარე პროგრამა იყო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები