“ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთი შანსს მივცემთ, რომ „რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან გამოვიდნენ“ – მამუკა მდინარაძე

ჩვენ იმ დეპუტატებს რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, არ ხსნიან საკუთარ პოზიციას, ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასეთები არიან მათ შორის „გირჩის“ წარმომადგენლები. მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოდიან მოწოდებებით, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება, თუმცა, ბევრი ოპოზიციონერი ასეთ სურვილს არ გამოხატავს. მდინარაძე ამბობს, რომ მათ აქვთ შანსი გამოვიდნენ „რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან“.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თავადვე ახმოვანებს, რომ დეპუტატები, რომლებიც არიან პარლამენტის შემადგენლობაში და უბრალოდ არ შემოდიან საქართველოს პარლამენტში და უარს ამბობენ საპარლამენტო ცხოვრებაზე, მათი დიდი ნაწილი არ ჩდნება მედიასაშუალებებთან, მათი ნება ჩვენ დებატებში, გამოსვლებში არ გვინახავს, ეს არის მათი პოზიცია, მათ შორის ამას ახმოვანებენ „გირჩის“ წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ერთი მხრივ, იქნება მოსახლეობის მინიმუმ 2/3-ის გამომხატველი, როგორც ეს კვლევებმაც აჩვენა. ბევრი დეპუტატი აცხადებს, რომ თავს იკავებს ტელეკამერებთან გამოჩენისგან, მათ შორის „გირჩის“ წარმომადგენლები გუშინ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ არ ჩნდებიან ტელეკამენრების წინ, განსაკუთრებით პარადოქსულია, რომ ზოგი დეპუტატი საერთოდ არ ფლობს სადეპუტატო უფლებამოსილებას და ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ დეპუტატებს რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამენრებთან, არ ხსნიან საკუთარ პოზიციას, ამ დეპუტატებს ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ და არ ჩაერთონ იმ პროცესში, რასაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად სამართლიანად უწოდეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

მსგავსი თემები