პრეზიდენტი საოპერო მომღერალს თავდასხმასა და რეპუტაციის დაზიანებაში ადანაშაულებს  

საქართველოს პრეზიდენტი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის საკუთარი ქვეყნის რეპუტაციასაც აზიანებს.

“სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია მეცოსოპრანოს ფეისბუქ–პოსტზე, რომელშიც საოპერო მომღერალი სალომე ზურაბიშვილი “კრიმინალად” და “ქვეყნის მოღალატედ” ჰყავს მოხსენიებული.

შეგახსნებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ენისტონის მიერ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა. აღნიშნულის შემდეგ რაჭველიშვილმა შემდეგი “პოსტი” გამოაქვეყნა:

“ჯენიფერ ანისტონს მივწერე რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე “ქალბატონი” არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა! ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში!საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!”.

მსგავსი თემები