მცხეთა-მთიანეთში ყაზბეგობა – 2018 და ფერმერთა აგროფესტივალი გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა 8 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი.

​აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.

​ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

“დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია – ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ერთი მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება. ​ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები.

​ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ. ​დღის ბოლოს გალაკონცერტი გაიმართა.

 

მსგავსი თემები