“საქართველო პირველი 18 ქვეყნის სიაში იქნება, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებენ – გიორგი გახარია” – გიორგი გახარია

საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. პრემიერის განმარტებით, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ქვეყანას დამატებით ექნება კიდევ ახალი ვაქცინები.  

გიორგი გახარიას თქმითვე, ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზანია საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ქვეყნის მოქალაქეებს.

“ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც თავიდან ეგონათ განხორციელებადი, ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას.

Pfizer-ის ვაქცინას ჩვენ მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ავცრათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაქცინაზე მუშაობას ვაგრძელებთ და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ დამატებით გვექნება კიდევ ახალი ვაქცინები ქვეყანაში.  

მინდა ყველას ვუთხრა და დავარწმუნო, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ვფრთხილობთ, მაგრამ როგორც ხედავთ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები