ჯანმოს საგამოძიებო ჯგუფი უჰანის იმ ბაზარს ეწვია, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იძიებს, ქალაქ უჰანის ბაიშაჟოუს ბაზარს ეწვია – დიდ სავაჭრო ობიექტს, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსის პირველი შემთხვევა გავრცელდა. ჯგუფი ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქში ორი კვირა დარჩება.

ჯანმოს მიერ ორგანიზებულ გამოძიებას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი დაბრკოლება შეხვდა და როგორც საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, საგამოძიებო ჯგუფს ქვეყანაში უმკაცრესად აკონტროლებენ.

რაც შეეხება კოვიდვაქცინაციის პროცესს, Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.3%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.

მსგავსი თემები