9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით შსს მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე “დინამო არენაზე” გურამ კაშიას მონაწილეობით იმართება, შსს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას, ფეხბურთელის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გამო.

​მათივე ინფორმაციით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოჰყვება კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.

“სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. შესაბამისად, შსს მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა“, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს 20:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე“ იმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. „ქართული მარშის“ ორგანიზებით კი გარკვეული ჯგუფები გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ. კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დღეს „მედიაცენტრ მთავარში” სპეციალურ პრესკონფერენციას მართავს.

მსგავსი თემები