“ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო.

ამასთან, მისივე თქმით, ამას მოლაპარაკებების პროცესზე სავარაუდოდ არ ექნება გავლენა.

„მოსალოდნელი იყო, ალეკო ამბობდა. გუშინ პოლიტპატიმრებიც გამოუშვეს და მგონია, რომ ალეკოსთან მიმართებით ყველაფერი პროგნოზირებადი იყო. არ მგონია, რომ ალეკოს პარლამენტში შესვლამ ცვლილება მოიტანოს, მოლაპარაკების მაგიდას თავისი პრობლემები აქვს. იქ განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემაა. თუნდაც ალეკოს შემთხვევა ამის დასტურია. მგონი, ალეკოს პარლამენტში შესვლას მოლაპარაკებასთან კავშირი არ ექნება.

ჩვენ მართლები ვიყავით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ვერ იტანენ და არ ენდობიან ერთმანეთს, რომ ამ მოლაპარაკებების ვერდასრულების მთავარი პრობლემა ეს არის. ვაპირებთ დარჩენილი დრო გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს აგიხსნათ, სინამდვილეში რა ხდება და იმ კონცერტში, რომელშიც ამდენი ხანია ვართ, რაღაც შინაარსი ჩავდოთ. როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და მიხვდებით, რომ კატასტროფაში ხართ, მერე დაიწყებთ ბრალეულის ძებნას, გვინდა, ამაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ თუკი იქ 113 დეპუტატი მოგროვდება, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იყოს.

„ჩვენთვის მთავარია, პარლამენტი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე იყოს და შეგვეძლოს კონსტიტუციის შეცვლა, რაც საშუალებას მოგვცემს, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობები. იყოს სრულად პროპორციული სისტემა, ბუნებრივთან მიახლოებული ბარიერით და იყოს ახლავე. როდესაც 113 ადამიანი შეიკრიბება, მაშინ მოხდება ეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები