რა პირობით შემოვლენ ტურისტები საზღვარზე და გადაიყვანენ თუ არა კარანტინში? – მინისტრის განმარტება

„პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი. მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავამ ისაუბრა იმ შემსუბუქებულ რეგულაციებზე, რომელიც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემთხვევაში გავრცელდება. 

“პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის.

ეს შემსუბუქება ხელს შეგვიწყობს, რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის და სიფრთხილის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.

დღემდე საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი ქვეყანაში შემოსვლისას, 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.

1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  უცხო ქვეყნის ვიზიტორებს ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს – ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, (რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას), დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები