საქალაქო სასამართლოში ილიჩოვა-მელაშვილის პროცესი მიმდინარეობს – შესაძლოა ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. როგორც ცნობილია, პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების პატიმრობას გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

“ის ფაქტი, რომ იყო პატიმრობაში, ხელი ეშლებოდათ ადვოკატებს. საჭირო იყო ამ რუკებზე ემუშავა სპეციალისტს და ეთქვა, რა და როგორ იყო. გარეთ თუ ინება, უკეთესად გაირკვევა ყველაფერი და წარიმართება საქმე. საერთოდ რატომ უნდა იყოს იქ, როდესაც ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია. ვნახოთ რა გირაოს შეუფარდებენ, იყო წარდგენილი შუამდგომლობა სხვადასხვა ცნობადი პირებისგან, გირაო თუ იქნება შეიძლება ბინა ავდოთ, ვნახოთ რა და როგორ იქნება,”-განმარტავს ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

“პირველი გაცვლის დროს, საქმის მასალების დიდი ნაწილი არ გადმოგვეცა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა დაცვის უფლების განხორციელება. ასევე არის მთელი რიგი კიტხვისნიშნები იგივე ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, სადაც ჩართულები არიან ის ადამიანები, რომლებიც გვევლინებიან მეორე მბრალდებელად, ვგულისხმობ თავდაცვის სამინისტროს და კარტოგრაფიის დეპარტამენტს,”-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი  ედუარდ მარიკაშვილი.

“ის რუკები, რაც არის დაცული პროკურატურაში, არ გადმოგვცემია ჩვენ. შესაბამისად არცერთ ბრალდებულს  არ ჰქონდათ სშუალება და საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინათ ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით,”- ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნესტან ლონდარიძე.

მსგავსი თემები