“როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დაიწყონ ეკონომიკის გახსნა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას იძლევა.

„მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც აღელვებს თითოელ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. რამდენჯერმე ვთქვით, მაშინ, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30 პროცენტს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 აღებული ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელი არის მხოლოდ 723-ზე, რაც ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუცა ეს უკვე მიუახლოვდა 4 პროცენტს. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს. პირველ რიგში ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები