ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რომელზეც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც იყო საუბარი.

„მან პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა მიულოცა. ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პირველი, რისი იმედიც გამოთქვა, რომ შემდეგ სესიაზე, აპრილში ვიხილავთ დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ისე საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს ნამდვილად დიდი მხარადაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. მან იცის ძალიან კარგად ის გეგმები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ზაფხულში განვახორციელეთ, რასაც ძალიან მიესალმებიან, ისევე როგორც მიესალმებიან დაგეგმილ ცვლილებებს, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და ამ კუთხითაც მოხდეს შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები