“როგორც ექიმი, ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ” – თენგიზ ცერცვაძე

გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა, მაგრამ როგორც ექიმი, ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ზაფხულში დაუშვა, როდესაც თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

„ერთი მხრივ, ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ნაწილობრივი ლოქდაუნის და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში. ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ამ ტენდენციას ვერ დავუჭერ მხარს. მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდის რისკს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. იცით, რომ გაზაფხულ-ზაფხულში იყო იდეალური მდგომარეობა, ამან გაგვათამამა. გარკვეულწილად ქვეყნის ხელისიფლებამაც იფიქრა, რომ სიტუაცია იძლევა ამის საშუალებას და ყველაფერი გაიხსნა. სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი და უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია იძულებითი ხელმეორე შეზღუდვები, რასაც მოსახლეობა იტანს მტკივნეულად. ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწვლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომ დაუფიქრებლად და გადაჭარბებული ოპტიმიზმით ერთბაშად გავხსენით ყველაფერი. მე, როგორც სპეციალისტი, ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან მთავრობას მოუწოდა, დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, თუმცა ამასთან, არ გადავიდეს წითელ ხაზს.

„მე მივცემ ერთადერთ რეკომენდაციას მთავრობას, რომ ცოტა დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის შემდგაც შეიძლება უკონტოლო გავრცელება დაიწყოს. მოვნახოთ ოქროს შუალედი და სადაც მცირე შანსი არსებობს, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, იქ მოვხსნათ. ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ რეგულაციების დაცვის პირობა”, – გამაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები