“საქართველო იმედს ამყარებს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების დროული შემოტანა უზრუნველვყოთ” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია მაშინვე, როგორც კი ვაქცინა შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კოვიდ 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა უკვე დაამტკიცა და იმუნიზაცია საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადდა.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმისთვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. იმუნიზაცია საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული სისტემა, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ლუგარის ლაბორატორიასაც მოიცავს. საქართველო კარგად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ მიიღოს ვაქცინები და განახორციელოს ვაქცინაცია. სრული მზადყოფნა გვაქვს იმისთვის, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია მაშინვე, როგორც კი ვაქცინა შემოვა,“- განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანები აიცრებიან, მოგვიანებით კი ის გაფართოვდება და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია განხორციელდება.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ Covax-ის პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების ღირებულების ნაწილი წინასწარ გადაიხადა, რაც ქვეყანას მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. დეპუტატის თქმით, საქართველოს ვაქცინაციის დროულად განხორციელების კუთხით მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„საქართველო დიდ იმედს ამყარებს, რომ მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ევროსაბჭოს წევრები, მხარს დაუჭერენ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების დროული შემოტანა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები