COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს კანონმდებლები პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. ინიციატივას დეპუტატები საბოლოოდ ხვალ, შენიშვნების საკომიტეტო სხდომაზე განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ.

რიგგარეშე სესიაზე დღესვე დეპუტატები იმსჯელებენ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იმუშავებს.

განხილვის თემა იქნება ახალი ნარკოპოლიტიკაც. საუბარია 8 ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომლის ოდენობისა და სასჯელის განსაზღვრა იცვლება.

“ჩვენ განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც კომიტეტზე მივიღეთ. ამით ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ ბერკეტებს, რომელიც მისცემს საშუალებას საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავიანთი როლი რაც შეიძლება მაღალი ხარისხით შეასრულონ.

ასევე იქნება განხილული ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები. იცით, რომ ჯანდაცვის  სისტემის მიერ არის უზრუნველყოფილი ის შეთანხება შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც უახლოეს პერიოდში შემოიტანენ საქართველოში ვაქცინას, იმისათვის რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის აცრა,“ – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მაჭავარიანი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ყველა მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე, კანონით რეგულირდება. 

“ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით. როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა და ასევე მათი უსაფრთხო გამოყენება. ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება. ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც კი გამოიყენება საქართველოში,” – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

მსგავსი თემები