„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ბიზნესის“ – მაია ცქიტიშვილი

„ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს ისეთი სახით წარმართული პროცესი,რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს“ – ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ეპიდემია წარმატებით უნდა იმართოს.

„ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება“ – აღნიშნა მან.

ცქიტიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაზე შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს, მთავრობა იღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ეს არ არის პირველი, ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის პროცესში ჩართული ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვების დაწესების, ასევე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არსებობს საკმაოდ მაღალ დონეზე. გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, იმ საერთო, ზოგადი ვითარების ანალიზის, საერთაშორისო პრაქტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაც“ – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები