“ამ დარღვევებმა, ასევე, აჩვენა, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა” – კახა კუჭავა

ხვალ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას, რომლის დროსაც, რუსეთის დელეგაციის წევრები იტყვიან, რომ ისინი იმსახურებენ საპარლამენტო ასამბლეის წევრობას, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ასამბლეას, ამ ინსტიტუციას ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუციას? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერმა კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ მათი უპატივცემულო დამოკიდებულების ნათელი დემონსტრირებაა. კუჭავამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქმეზე: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ შექმნა მყარი კანონიერი საფუძველი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გასაძლიერებლად.

სულ ახლახან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი საქმეზე: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც ქართული მხარე ადანაშაულებდა ოკუპანტ ძალას- რუსეთს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში. საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 მყარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა უხეშად დაარღვია კონვენცია. ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა აღმოაჩინა კონვენციის ისეთ მუხლებში, რომლებიც ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხების უფლებას, გადაადგილების თავისუფლებასა და სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე, აფხაზეთსა და ბუფერულ ზონაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ის პროცესები, რომლებიც მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტას 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ხვდება. ეს გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები. ამ დარღვევებმა, ასევე, აჩვენა, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და მისი ხალხი რუსეთის აგრესიის მსხვერპლი იყო 2008 წელს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპის პარლამენტის ანგარიშს, სადაც ევროპის პარლამენტის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი და რუსეთის აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. სახელმწიფოთაშორისო დავის წარმატებული გადაწყვეტა, რომელიც დაწყებული იყო ქართული მხარის მიერ, არის ყველაზე ეფექტური საშუალება საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღსადგენად და ემსახურება ევროპული წესრიგის კონსოლიდირებას, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო კანონზე,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები