“პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია” – მამუკა მდინარაძე

შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს – პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, გარკვეული დეტალების გარდა, არსებობს შეთანხმება და ამ კუთხით ნაკლები პრობლემა ჩანს.

“ჩვენ მათ ვეუბნებით, ის რაც რაციონალური, სახელმწიფოებრივად სწორი და იურიდიულად გამართულია, ყველაფერზე მოგყვებით. მათ შორის როცა საარჩევნო საკითხების სიღრმეში ჩავდივართ, იურიდიულად გამოუმართავ საკითხებში ვერ წავყვებით. დღევანდელმა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხდებით! მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ “ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მათი პირობები შესრულდა. ვფიქრობთ, ამ შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები