“1 კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწვეტილებებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ” – არჩილ თალაკვაძე

რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ პოზიტიური შეთანხების იმედი აქვს.

“ასევე ვთვლით, რომ თუკი ასეთი შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ამ შეთანხებამ შესაძლოა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაუხსნას გზა. რეგლამენტის გათვალისწინებით, დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტი იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, ვინც განცხადებები შემოიტანა. რეგლამენტი პროცედურულად გვავალდებულებს საკითხი პირველივე სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. ვისაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვერ დაუკავშირდა პოზიციების გადასამოწმებლად, მათ მიერ დაწერილი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, ჩვენთვის ინდიკატორი იქნება, ეს ადამიანები კენჭისრის დღეს იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია უკვე არსებობს, ეს მოსწონს თუ არა ვინმეს.

მსგავსი თემები